სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/001_DSC0082.JPG

ხარაგაულს 24 სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი ჰყავს

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24 პედაგოგმა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა და საკმაოდ რთულ ტესტებს 24- ვე პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი.

ამის შესახებ, ხარაგაულის მერიის მიერ, აღმზრდელ პედაგოგებისთვის მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განცხადება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ გააკეთა და გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.

წარმატება მიულოცეს ასევე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების  მეთოდისტს, თამარ ავალიშვილს, რომელმაც მასწავლებელთა სახლის პროფესიული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ღირსეულად გაართვა თავი და საქართველოს მასშტაბით,  25 ადრეული განათლების პროფესიონალთა რიცხვში მოხვდა.

თამარ ავალიშვილი,  6 თვიანი გადამზადების მერე მასწავლებელთა სახლის ტრენერთა გუნდს შეუერთდება.

თამარ ლაცაბიძე: ,,ეს ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე გვყავს 24 სერთიფიცირებული პედაგოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციის გავლისთვის, რისთვისაც ეტაპობრივად  ვემზადებით.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სერტიფიცირებული პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით ტრენერებს ნატო ქობულაძეს და მაკა აბულაძეს,რომლებმაც  მაქსიმალური ენერგია ჩადეს პედაგოგების გადამზადებაში.“

დღესვე, მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის  საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიების იდეა, ამავე სამსახურის თანამშრომელს, განათლების სპეციალისტს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის.

საღამოზე პედაგოგების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა მოხდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, ხარაგაულის საჯარო ბაღების პედაგოგთა მიერ შესრულებული ნამუშევრები.

ხარაგაულის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხარაგაულის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საღამოს მხარდაჭერას უწევდა პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.

ნანახია: 692 - ჯერ