სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1472.JPG

ამბები ღიმილის არომატით - მამუკა ჭიპაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მამუკა ჭიპაშვილის ახალი კრებულის ,,ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ხარაგაულის იუმორისტული გუნდის ,,ჭირიმეს“ ხელმძღვანელისთვის და სცენარის ავტორისთვის იუმორისტული ლექსების, ნოველების და ფელეტონების წერა დიდი ხანია ცხოვრების ჰობია.
მამუკა ჭიპაშვილის პირველი წიგნი 2015 წელს გამოიცა. მას მალევე მოჰყვა მეორე და მესამე კრებულიც.
,,ამბები ღიმილის არომატით“, რომლის პრეზენტაციას დღეს შედგა მეოთხე წიგნია.
წიგნი მოიცავს საბავშვო და იუმორისტულ ლექსებს, ნოველებს.
კრებულში განთავსებული თითოეული ამბავი, ლექსი თუ ფელეტონი, იგავი თუ ნოველა, იმერული იუმორით არის გაჯერებული.
წიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ დახატული კარიკატურებით.
,,ამბები ღიმილის არომატით“ ხარაგაულის საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურის თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ წარუდგინა.
პრეზენტაციაზე წიგნიდან იუმორისტული ლექსები წაიკითხეს ავტორის მეგობრებმა: ირინე ჩხეიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვასიკო კიკნაძემ, დათო ჩადუნელმა, ნიკოლოზ წიკლაურმა და ღონისძიების წამყვანმა , იზა ვეფხვაძემ.
ქალბატონმა იზამ მამუკა ჭიპაშვილის ოთხივე წიგნის შექმნისა და მასში წარმოდგენილი ნაწაროებების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმაც, ბავშვებმა კრებულიდან წაიკითხეს საბავშვო ლექსები.
საღამოზე მამუკა ჭიპაშვილის ლექსზე ,,სოხუმის მონატრება“ შექმნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა, რომლის მუსიკაც გიორგი მაქაძის მიერ შეიქმნა. სიმღერა ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა შეასრულა.
მამუკა ჭიპაშვილს შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს ახლობლებმა, მეგობრებმა და დასწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ნანახია: 550 - ჯერ