სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5159.JPG

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან ტრადიციული სამუშაო თათბირი გამართა, რომლის მთავარი თემა ზამთრის სეზონის წინ პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა და მოსამზადებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეჭირვებული და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის სათბობი მასალის დროულად მობილიზების აუცილებლობას, შესაბამისი ვაუჩერის ტიპის განსაზღვრასა და მისი მიზნობრივ განაწილებას. იმსჯელეს სეგმენტების შერჩევის კრიტერიუმებზე, რათა არსებული რესურსი მოსახლეობამდე მაქსიმალურად ეფექტიანად მივიდეს.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები. ამ მხრივ, კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, მოკლე ვადებში წარმოადგინონ ზუსტი საჭიროებების კვლევა — კონკრეტულად, სად შეინიშნება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნობრივად დაიგეგმოს

კობა ლურსმანაშვილმა მერის პირველ მოადგილეს დაავალა, სრულად მართოს წინასაახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი პროცესი, მათ შორის დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს ყველა საჭირო შესყიდვას, რათა ღონისძიებები შეუფერხებლად განხორციელდეს.

თათბირს მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი ესწრებოდნენ.

ნანახია: 31 - ჯერ