ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით მერიის სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, უკვე მესამე წელია გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
დღეს, ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მრავალშვილიან დედებს ოჯახებში ესტუმრა, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და მერიის სახელით საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
მხარდაჭერის ფარგლებში, უბისაში, ბორითში, ვერტყვიჭალასა და სოფელ ხონში მცხოვრებ პაქსაშვილების, სებისკვერაძეების, გურეშიძეების, ბარბაქაძეებისა და შველიძეების ოჯახებს სარეცხი მანქანები, გაზქურა და წყლის გამათბობელი გადაეცათ.
ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მერიის სოციალური პოლიტიკა მიზანმიმართულად არის მიმართული ოჯახების საჭიროებების შესწავლასა და მათ რეალურ მხარდაჭერაზე.
ვარლამ ჭიპაშვილი:
„ხარაგაულის მერია სოციალური მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩვენი სოციალური სამსახური და ბავშვთა განყოფილება მრავალშვილიან ოჯახებთან მთელი წლის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს, რაც გვაძლევს საშუალებას კარგად ვიცოდეთ მათი საჭიროებები და შესაბამისი პროგრამებით მათ მიზანმიმართული მხარდაჭერა გავუწიოთ.
დღეს მონახულებულ ოჯახებს შორის არის ოჯახიც, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახების ბინის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი შევუძინეთ, ხოლო რამდენიმე ოჯახი ამ ეტაპზე დაფინანსების მოლოდინშია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ ოჯახებს მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეთ და გრძნობდნენ, რომ მუნიციპალიტეტი მათ გვერდით დგას.“
მრავალშვილიან ოჯახებს მერის პირველი მოადგილე სპორტის ცენტრის ხელმძღვანელთან, რევაზ შერგელაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ლენა აბაშიძესთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან — ბადრი ბარბაქაძესთან, ქეთი კუბლაშვილთან და ემზარ აბულაძესთან ერთად ესტუმრა.
ხარაგაულის მერია სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში განაგრძობს მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს აქტიურად განახორციელებს.