სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/43178789_753726694975488_7749941690160381952_n.jpg

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს

3 ოქტომბერს ხარაგაულში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას  მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 20 სექტემბრიდან დაიწყო და  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კვლევის მიზანია ძირითადი მონაცემების შეგროვება ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.  კველავ ასევე, ითვალისწინებს  წყლის ხარისხის შესწავლასა და  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენას და იგი  საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ყველა რეგიონში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდება. სულ, 14 000 ოჯახში.

სისხლში ტყვიის არსებობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. ნიმუშები გადაიგზავნება იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში და ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციას გაუწევს.

კვლევების ჩასატარებლად ოჯახებს საქსტატის წარმომადგენლები ეწვევიან. სპეციალურად შერჩეული მედდა მშობლებისა და ბავშვის თანხმობით, ბავშვის ვენიდან სისხლის სინჯს აიღებს, ხოლო მეორე წარმომადგენელი - სასმელი წყლის სინჯს.

სასმელი წყლის ნიმუშების აღება  მოხდება ყოველ მეოთხე ოჯახში, სინჯი შემოწმდება ნაწლავის ჩხირის არსებობაზე.  შედეგები გამოავლენს წყლის ხარისხს, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონის დონეზე.

მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო(SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი. 

შეხვედრის მეორე ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული კამპანიას “დაასრულე ძალადობა“  დაეთმო,. სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია თუ, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

კამპანია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ნანახია: 5895 - ჯერ