სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0432.JPG

გერმანიის ელჩმა და ხარაგაულის მერმა ზრდასრულთა განათლების ცენტრი გახსნეს

“სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხარაგაულში, დღეს, პროფესიული სასწავლებელი - ზრდასრულთა განათლების ცენტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ოფიციალურად გახსნეს.

ცენტრის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცეს უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, გაიარონ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები, რაც გაზრდის მათი დასაქმების შანსს. ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ უკვე არსებულ პროფესიაში ან ხელობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია და რეგიონებში პროფესიული კადრების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.

ზრდასრულთა ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელშიც ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონული დირექტორი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლალი სანთელაძე,  ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, გიორგი მუხურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის  წარმომდგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ინიციატივით, ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში  2006 წლიდან  ფუნქციონირებს.  ამჟამად, საქართველოს 7 რეგიონში 10 ცენტრი მუშაობს. ხარაგაულის პროფესიული სასწავლებელი კი, რიგით მეთერთმეტეა.  

ხარაგაულის განათლების ახალ ცენტრში 70-მდე ბენეფიციარი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას. უკვე წარმატებით ფუნქციონირებს თექის, მაკრამეს, კულინარიის და ჭრა-კერვის კურსები. ცენტრში, ასევე, განთავსებულია სივრცეები მეფუტკრეობისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების მსურველთათვის.   

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

მუნიციპალიტეტის მერმა ხარაგაულელებს ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრის  გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ცენტრის ფუნქციონირებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.  

ნანახია: 8563 - ჯერ