სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjhvbnm_1.JPG

ხარაგაულში ქართველოლოგ  ტარიელ ფუტკარაძესთან შეხვედრა გაიმართა

16 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, პროექტის - ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან" ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, ტარიელ ფუტკარაძესთან შეხვედრა გაიმართა. ტარიელ ფუტკარაძე გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი.

ღონისძიებას ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, რიტა წაქაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე, მასწავლებლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და  დაინტერესებული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ტარიელ ფუტკარაძის წიგნის - „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შესახებაც  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერისტეტის პროფესორებმა, ლუკა დვალიშვილმა და  წიგნის რეცენზენტმა, ეკა დადიანმა ისაუბრეს.

მონოგრაფიაში საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი, რომელიც ქართველი ერის დასანაწევრებლად იყო მიმართული.

ტარიელ ფუტკარაძემ  ყურადღება  არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად სახელმწიფოს ქმედებების მნიშვნელობაზე გაამახვილა და წიგნში განხილულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ეს გამოწვევები გახლავთ: 1. საერთაშორისო აკადემიურ ველში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგემ(ებ)ის დაბალანსება /თავდაცვა საინფორმაციო ომში; 2. „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების კონტექსტში საქართველოს ენობრივი სიტუაციის ადეკვატური აღწერა; 3. რუსული ენობრივი პოლიტიკის წიაღში შექმნილი ტერმინოლოგიური დივერსიების განეიტრალებით სწორ სახელმწიფოებრივ ორიენტირთა გაბუნდოვნების თავიდან აცილება; 4. ქართული ენის პრესტიჟის შენარჩუნების მიზნითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული ენის ტექნოლოგიზება;  5. საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართველთა დედა-ენის, ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენის – კონსტიტუციური სტატუსის დაცვის უზრუნველყოფა.

შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები და მადლობა გადაუხადეს ტარიელ ფუტკარაძეს მობრძანებისთვის  და ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს, ნიკოლოზ მაჭავარიანს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ნანახია: 5712 - ჯერ