სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0400.JPG

როგორ აღნიშნეს ხარაგაულში მასწავლებლის დღე

პედაგოგთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 4 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, სამუსიკო სკოლის დარბაზში საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.   

ღონისძიებაზე რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით და გამორჩეული აქტივობებით შეფასდნენ, ფასიანი საჩუქრებითა და წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოეს.  

ხარაგაულის სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ხარაგაულის ხმებმა“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.

მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ასევე, 5 ოქტომბერს, დაბის #1საბავშვო ბაღში, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.  

საბავშვო ბაღების აღმზრდელების და თანამშრომლების ჩართულობით შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები. მოეწყო ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ღონისძიებას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი დაესწრნენ, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს.

პედაგოგთა პროფესიულ დღეს განსხვავებული აქტივობით გამოეხმაურა ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე. მან მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი პედაგოგი, დარო გელაშვილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორ, ლენა აბაშიძესთან ერთად მოინახულა და მასწავლებლის დღე პირადად მიულოცა.

92 წლის ქიმიის პედაგოგმა, სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში 50 წელი გაატარა. 

აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერია პროფესიული დღის აღსანიშნავად, დარო გელაშვილს, ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარს გადასცემს, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.

ნანახია: 5356 - ჯერ