ჯანდაცვა და სოციალური
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaa.jpg

ხარაგაულის კლინიკა რამდენიმე თვეა, კოვიდპაციენტებს ემსახურება

ხარაგაულის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის  დირექტორი სამი წელია, გიორგი ამურველაშვილი გახლავთ. ბ-ნ გიორგის სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და  სწორედ მისი ძალისხმევით კლინიკაში ბოლო წლებში არაერთი სიახლე დაინერგა.  პანდემიის დღიდან, საავადმყოფო აქტიურადაა ჩართული კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის რეგულირებაში და აქ მომუშავე მედპერსონალის დამსახურებით, უამრავ მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

რა სერვისებია ამჟამად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულებაში, რა სიახლეებით შეხვდნენ 2022 წელს  და როგორ მიმდინარეობს  კოვიდპაციენტების მკურნალობა, ამის შესახებ გიორგი ამურველაშვილი პირადად გვესაუბრება.

-გასული წლის  სექტემბრიდან ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად გადაკეთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 300-მდე პაციენტი მივიღეთ, როგორც  ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენი გუნდი დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება თითოეულ მათგანს, თუმცა გვქონდა გართულებებიც, ასეთ შემთხვევაში კი რეფერირებას ვახდენთ შესაბამის კლინიკაში. ასეთი სულ 20-მდე  შემთხვევა გვქონდა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდპაციენტების მართვის საკითხში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ,  ამის თქმის უფლებას მაძლევს არაერთი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, რომლებიც საჯაროდ  გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას.

რაც შეეხება სიახლეებს, გეტყვით, რომ კლინიკის თანამშრომლები ყოველთვის ორიენტირებული არიან პროფესიული განვითარების კუთხით.  სწორედ ამ მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება. მოგეხსენებათ, რომ კლინიკაში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) და რეგულაციის მიხედვით აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ემერჯენსოლოგები გვყავდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მედპერსონალი გადაგვემზადებინა  ემერჯენსოლოგებად და ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პატარა რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში ემერჯენსოლოგების  დეფიციტია,  თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ექიმების დეფიციტს არ განიცდის. ყველა სპეციალისტი გვყავს ადგილზე, როგორც  ამბულატორიაში, ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სტაციონარში.  მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, სულ ახლახან კლინიკაში ჟანგბადის მინი ქარხანა დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი  მინი ქარხანა ბორითის გადაუდებელ ცენტრშიც წარმატებით ფუნქციონირებს.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,  სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა.

-ამ ეტაპზე, კონკრეტულად რომელი ამბულატორული მომსახურების მიღება შეუძლიათ  პაციენტებს? 

-მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა კოვიდცენტრადაა  გადაკეთებული, რეგულაციების დაცვით  ხდება სხვა პაციენტთა მიღება და ძირითადი სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.  თუმცა, მიღების დრო შემცირებულია და ეს ხდება მოქალაქეთა  უსაფრთხოებისთვის.  დიდი ნაკადის თავიდან ასარიდებლად დავაწესეთ მიღების საათები, დილის 10 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში  კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურის ექიმი, ყველა  ადგილზეა. კლინიკაში აქტიურად ტარდება ყველა ამბულატორული მომსახურება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ექოსკოპისტი. ჩვენთან შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.  ამჟამად  კლინიკაში ხელმისაწვდომია  „სინოვაკის”, „სინოფარმის” და „ფაიზერის” ვაქცინები.  აცრები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე გართულებების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია.

-გვესაუბრეთ მოწვეულ ექიმებზე, რომლებიც ამჟამად ჰყავს ხარაგაულის კლინიკას.

 -იმის გათვალისწინებით, რომ ხარაგაულის მოსახლეობას კლინიკაში ჰქონდეს ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა, სხვა რაიონებიდან გვყავს  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მოწვეული. ექიმი-კარდიოლოგი, ვლადიმერ თხელიძე და  ჯუნი ფერაძე,  ქირურგი მალხაზ ბურნაძე, ყელ-ყურის ექიმი ვახტანგ მატარაძე და ანესთეზიოლოგი სოსო სეფაშვილი. თუმცა კოვიდპაციენტებთან მუშაობის გამო,  მოწვეულ ექიმთა უმრავლესობამ  სპეციალური გადამზადება გაიარა და დროებით,  გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებად  მუშაობენ  ემერჯენსში. ხარაგაულის საავადმყოფოში სულ 63 მედპერსონალი საქმიანობს, რომლებიც დღედაღამ დაუღალავად დგანან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ექიმთა დაინფიცირების შემთხვევებიც, შიდა რესურსებით  წარმატებით ვართმევდით თავს და აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას.

-როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები...

-მუნიციპალიტეტში  არსებული რთული ეპიდვითარების დროს რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანის მიზანია, რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ უხილავი მტერი. ასევე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება და ხალხმრავალი  ადგილებისაგან  თავის არიდება.

ჩემი მიზანია, ხარაგაულის მოსახლეობა მაღალი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,  ბევრი კმაყოფილი პაციენტი. კლინიკაში კი ამისთვის ყველა სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ  მიმართულებით კვლავ გვექნება სიახლეები.

და  ბოლოს, მადლობა  მინდა  გადავუხადო  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელს  ბ-ნ  ნუგზარ  ბოლქვაძეს  და  კლინიკის  მედპერსონალს, რომლებიც  კოვიდპანდემიის  ურთულეს  პერიოდში  დაუღალავად  მუშაობენ.

 

 

ნანახია: 2399 - ჯერ