საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/67401850_700291780394696_4874658881617264640_n.jpg

ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებისთვის ინფოტური ჩატარდა

Usaid -ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ხარაგაულის სოფლებში მარელისსა და სახულარში ინფოტური ჩატარდა. 

პროექტი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები, ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარებას გულისხმობს.

პროექტის მიზანი იყო პირველ ეტაპზე პოტენციალის აღმოჩენა, შემდეგ მისი განვითარება და მესამე ეტაპზე წარდგენა. ეკო ტურიზმის ასოციაცია, ხარაგაულის ორი სოფლის - მარელისისა და ლეღვნის მოსახლეობისთვის, რომელთაც საცხოვრისები აქვთ სახულარში, ტრენინგებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. ამ დროის განმავლობაში მოხდა ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც ქონდათ საშუალება განევითარებინათ სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურეობები. მაგალითად, საოჯახო სასტუმროში განთავსება, კვებით და ცხენებით მომსახურება და რეწვის ტექნოლოგიები. ტრენინგების საშუალებით ყველა ეს პაკეტი შეიკრა ერთ მთლიან კომპლექტში, რაც ტურისტებისთვის ძალზედ კომფორტულია. 

ეკოტურიზმის ასოციაცია თითოეულ ბენეფიციარს დაეხმარა ბრენდინგში, რის შემდეგაც მათ უკვე აქვთ საკუთარი ლოგო, სახელი, ფეისბუქ გვერდი და იციან როგორ მართონ ესა თუ ის ობიექტი.  28-29 ივლისს განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, როცა ინფოტურის ფარგლებში, ტუროპერატორები, რომლებიც ქმნიან ტურებს და მუშაობენ სხვადსხვა ტურისტულ სეგმენტზე, პირადად შეახვედრეს ტურიზმის ქსელის მიმწოდებლებს, რათა, დაინტერესების შემთხვევაში უკვე პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ერთმანეთთან.

28 ივლისს, ტუროპერატორები ესტუმრენ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს, სადაც პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ ხარაგაულზე, ამავე დღეს დაათვალიერეს:

  • „მარელისის კოტეჯი“ (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განთავსების ობიექტი;)
  •  „იას საოჯახო სასტუმრო“; - საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა „მარელისელი ძმები“;
  •  „მაღრაძეების რანჩო“; 
  • საოჯახო სასტუმრო „საპოვნელა“. 

29 ივლისს კი, განხორციელდა ვიზიტი ეროვნული პარკის კოტეჯში „ხერგილზე“, ასევე, მოხდა „სახულარის ნობათი”-ს დეგუსტაცია სოფელ სახულარში. როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ პროექტის შემდეგი ეტაპი არის ელექტრონული ბროშურა, რომელსაც ეწოდება ინტერპრეტირებული ტური. ელექტრონული ბროშურა ტურისტებისთვის არის გზამკვლევი, რათა მათ ქონდეთ ინფორმაცია და დამოუკიდებლად, ტუროპერატორების გარეშე შეძლონ მოგზაურობა მათთვის სასურველ ადგილებში. ელექტრონული ბროშურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დამზადდება.

ნანახია: 5541 - ჯერ