სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/SDvzchd%20hbv_1.jpg

რა გაკეთდა კიცხში

ზაფხული იდგა. ცხელოდა, ქარი ქროდა. სოფელში სტუმრები შემოსულან, სიცხეს შეუწუხებიათ და ერთ მათგანს უთქვამს: „როგორი ქარი და სიცხეაო“, „კი ცხელაო!“ - დაუდასტურებია მეორეს. ასეთი თქმულება არსებობს სოფელ კიცხის სახელთან დაკავშირებით.
დღეს პარასკევია და, შესაბამისად, პროექტის #რაგაკეთდა ფარგლებში, ადვილი მისახვედრია, რომ კიცხის თემის შესახებ გიამბობთ!
თემში შემავალი სოფლებია კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო.
ადმინისტრაციული ცენტრი კი, ხარაგაულიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.
ალბათ არცერთ სოფელს ან ადმინისტრაციულ ცენტრს არ ექნება ისეთი მდიდარი და გამორჩეული ისტორია, როგორიც კიცხს.
 ამ მხარეში განსაკუთრებით იყო განვითარებული მევენახეობა. კიცხის ციცქა-ცოლიკაურის ღვინო კი - საქვეყნოდ განთქმული. ტრადიცია დღესაც გრძელდება და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღვინის მარნები მხოლოდ სოფელ კიცხში მდებარეობს! ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოფელში მიმდინარეობს ძველი ღვინის ქარხნის აღდგენა!
 კიცხის ბაზარი ვისაც გახსოვთ, სავსე პროდუქტით, ადგილობრივი ნაწარმით, ხალხმრავალი, სადაც ვაჭრები და მყიდველები სხვადასხვა რაონებიდანაც მოდიოდნენ. სხვათაშორის მოსახლეობა დღესც ითხოვს კიცხის ბაზრის აღდგენას.
პირველი სამინისტრო სკოლა კიცხში XIX საუკუნის მიწურულს დაარსდა, წელს სოფელში საუკუნოვანი სკოლის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი საჯარო სკოლა შენდება.
კიცხში ფუნქციონირებს საქართველოში ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის აღდგენასა და შენარჩუნებაში.
სოფელში არის კოოპერატივი, რომელშიც 12 მეპაიე გაერთიანებული. კოოპერატივი სკებს და ფუტკრის ინვენტარს ამზადებს.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიცხში ხილის ჩირის საწარმო ფუნქციონირებს!
ხოლო „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა ერთი ბენეფიციარი, რომელმაც 20 მეასედზე კენკროვანი კულტურა გააშენა. 
ოფელი კიცხი გაზიფიცირებულია და ბუნებრივი აირი ძალიან მალე მიეწოდება მოსახლეობას. 
 კიცხში ასფალტირებულია სოფლის ცენტრალური გზა! ბეტონის საფარი მოწყობილია ავალიშვილების, მდინარაძეების, მიქიაშვილების, ჯიმშიაშვილების და ნიქაბაძეების საუბნო გზებზე.
 ასევე რეაბილიტირებულია კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის 4 კმ-იან მონაკვეთი.
 სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რომელიც 2013 წელს აშენდა!
 2015 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, მოეწყო ასევე, კიცხის ახლადაშენებული ეკლესიის გალავანი.
 კიცხის ცენტრში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ათეულობით სოფელს ემსახურება!
 ცენტრალურ გზაზე ხარაგაულიდან საქარიქედამდე და ბორიდან კიცხის მიმართულებით დამონტაჟებულია გარე განათების ქსელი.
ბორი  - სოფელი, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ცნობილია როგორც ანტიკური ხანის ძველი ნამოსახლარი, სადაც 1902-1909 წლებში მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ძველი სამარხები და ძვირფასი ნივთები. მოგვიანებით კი ექსპედიციებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. I საუკუნისა და ახ.წ. II-III სს. საოჯახო სამაროვნები. როგორც ირკვევა ბორის ტერიტორიაზე პიტიახშთა რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. ბორში აღმოჩენლია სამაჯური, რომელსაც 29 ლალის ქვა ამკობს, აქვე აღმოჩნდა სარდიონის მძივები, წყვილი ოქროს სამაჯური 29 ალმადინით, წყვილი ოქროს საყურე, აჟურული გულქანდა და სხვა.
ბორის განძის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია ერმიტაჟში.
სოფელში რეაბილიტირებულია ცენტრალური გზა, ფუნქციონირებს სკოლა პანსიონი და საბავშვო ბაღი.
გასულ წელს ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბორის სკოლა-პანსიონს, წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა.
ბორში სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით ჭაბურღილი მოეწყო ნიქაბაძეების უბანში.
 საქარიქედი -  სოფელში წელიწადის ნებისმიერ დროს ქარი ქრის, ამიტომ ადრე ქარის ქედსაც ეძახდნენ. ზაფხულში, კარგი ამინდების დროს სოფლის მაღალი წერტილიდან საოცარი ხედები იშლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კავკასიონის მთები.
სოფლის ცენტრში არის ადგილი, რომელსაც მუხებს ეძახიან, როგორც ამბობენ აქ 200 წლოვანი რამდენიმე მკერდგანიერი მუხაა.
სოფლის ცენტრალურ გზაზე მოწყობილია ბეტონის საფარი.
საქარიქედზე, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა ქონდა გაკეთდა წყლის ჭაბურღილი!
წელს განხორციელდა სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები!
 თეთრაწყარო - ხარაგაულიდან 4 კილომეტრში მდებარეობს! სოფელში არის „ფაქუთის“ წმ. გიორგი სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში აუგიათ.
სოფელ თეთრაწყაროს შესასვლელში არის ე.წ. „ხანდების ქვის“ კარიერი. იქ მოპოვებული ქვა გამოიყენება, როგორც სამშენებლოდ ასევე მოსაპირკეთებლად.
თეთრაწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო გზას ორ მონაკვეთზე.
მოეწყო წყლის სისტემა ე.წ. ოკიშურას უბანში და ლურსმანაშვილების უბანში.
სოფელი გაზიფიცირებულია და სარგებლობს ბუნებრივი აირით!
იგორეთი - სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი(ლაშის და კიცხის). კიცხის იგორეთში სოფლის ცენტრალური გზა ნაწილობრივადაა დაგებული (პირველი ეტაპი).
სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლით საქარიქედის ჭაბურღილიდან სარგებლობს. ნაწილი მოსახლეობისთვის წყლის სისტემა მიმდინარე წელს მოეწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და არამიგრაციული თემია.  მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანს აჭარბებს.
 
ნანახია: 2346 - ჯერ