სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/330565590_223797803348067_1514954915898484477_n.jpg

ხარაგაულის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნული სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის მეთოდების შემუშავება, შემოწმებული ობიექტების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწავლა - ანალიზი და მათი თავიდან აცილების გზების

2022 წლის წლიური გეგმით გათვალისწინებული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 5  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის: „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ის, „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ის, „სათნოების სახლის“ სსიპ ბორის საჯარო სკოლის, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“, ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმება. აღნიშნული ობიექტები რისკის შეწონვის მიხედვით მოხვდნენ უფრო მაღალი რისკის მატარებელთა რიცხვში. რისკის განმსაზღვრელად შეირჩა 5 რისკ-ფაქტორი: ბიუჯეტის გავლენა, შიდა კონტროლის გარემო (რისკის მართვა), წინა აუდიტის ჩატარების დრო და შედეგი, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება, მომხმარებელთა რაოდენობა.

განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები:

23 მაისიდან 27 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს შიდა აუდიტორული შემოწმება. შემოწმებული იქნა ობიექტის საქმიანობა 2018 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის. ორგანიზაციას ჰქონდა ხარვეზები მუშაობაში და მიეცა 9 რეკომენდაცია. ხარვეზები იყო შემდეგი:

   ცენტრის საკანცელარიო საქმისწარმოებაში არსებობს ხარვეზები: არ იყო შედგენილი თანამშრომლების მივლინებიდან და შვებულებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. დაგვიანებითაა ბრძანება შედგენილი დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან დაკავშირებით, ასევე არაა ბრძანება მისი სამსახურში გამოცხადების შესახებ. 2021 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია- 23768 ლარის შესყიდვა, ხელშეკრულებები გაფორმდა 24023 ლარის შესყიდვაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულ იქნა 23817 ლარის მომსახურება. დაგვიანებით არის ატვირთული შესყიდვების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2020 და 2021 წლების. ცენტრის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებზე და მიღება- ჩაბარების აქტებზე არ არის მითითებული გაფორმების თარიღი. შპს „ცხოველთა მომსახურების ცენტრთან“ 2018-2019 წლებში დადებულ 4 (ოთხი) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ნდობით აღჭურვილი პირი, მინდობილობა არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ასევე არ არის ატვირთული მინდობილობა ი.მ. „თინა შარიქაძესთან“ 2019-2020 წლებში დადებულ 11  ხელშეკრულებაზე. დაგვიანებით არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2021 წლის 03 აგვისტოს №42 ხელშეკრულება. 2018 წელს ცენტრმა 10556 (ათი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ტრანსპორტის მომსახურებაზე გააფორმა ხელშეკრულებები. 19 ივნისამდე ყველა ხელშეკრულება დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონი, რადგან 5000 ლარამდე მონეტარულ ზღვრამდე ღირებულების შესყიდვაზე იდება ხელშეკრულება ამ წესით, ხოლო 5000 ლარს ზევით უნდა მოხდეს შესყიდვა ელექტრონული ტენდერით. ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ არ არის მატერიალური ფასეულობების გადაბარების აქტი შედგენილი. 2018-2019 წლებში ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებას. არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია 2020-2021 წლებში.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით დამტკიცებული თანამდებობები რიგ შემთხვევაში არ ედრება სახელფასო უწყისში ნაჩვენებ თანამდებობებს.

აღნიშნული შეუსაბამობის გამო  ორგანიზაციას მიეცა 9 რეკომენდაცია.

ბაღების გაერთიანების შემოწმების პერიოდში შესამოწმებლად, შერჩევის პრინციპით, შერჩეული იქნა 7  საბავშვო ბაღი: ხარაგაულის №1, №2, ბორითის, ღორეშის, ნადაბურის, გედსამანიის და სარგვეშის. აღნიშნულ ბაღებში შემოწმდა საკვები პროდუქტების ფაქტიური ნაშთები, თითოეული ბაღების საწყობებში. აგრეთვე დავათვალიერეთ შენობები და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბორითის საბავშვო ბაღში პირველ სართულზე დერეფანში ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი, რამაც გამოიწვია დერეფნის ჭერის და იატაკის დაზიანება, რომლებიც საჭიროებენ შეკეთებას. ბორითის საბავშვო ბაღის შენობა ახალი ავტობანიდან განთავსებულია დაახლოებით 18 (თვრამეტი) მეტრის მანძილზე. ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებობს დიდი რისკი შენობის ოთახების გამონაბოლქვით დაბინძურების, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის საფრთხის შემცველი. შემოწმებულ ბაღებში კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტებზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 – 2021 წლებში ხელშკრულების  შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში, მიღება- ჩაბარების აქტებში არის გადასწორების შემთხვევები. შესყიდვების  სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ხელმოუწერელი დოკუმენტაცია. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 წელს №36, №64, №81, №86 ხელშეკრულებებში ი.მ. „თინა შარიქაძე“, ს/კ 56001006090 მინდობილობით განსაზღვრულია წარმომადგენელი მარიანა პაპიძე. შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ არის ატვირთული მინდობილობა. რამდენიმე ხელშკრულებაზე არაა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.  2019 წელს 6000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა მონეტარული კოდით დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა. 5000 ლარის ზემოთ ღირებულ შესყიდვაზე შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერით.

  ბაღების გაერთიანებაში სარემონტო სამუშაოები, შეშის დაჩეხვა-დასაწყობება, ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი შესრულებულია ბაღში დასაქმებული თანამშრომლების მიერ არასამუშაო საათებში გაერთიანების დირექტორის ბრძანების საფუძველზე და შესრულებული სამუშაო ანაზღაურებულია სახელფასო ფონდიდან დანამატის სახით, დეფექტური და შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე. აღნიშნული ქმედება დაუშვებელია, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას, გაერთიანების თანამშრომლებზე, დამატებით მიცემულ სამუშაოზე გაფორმებული უნდა ქონდეს ხელშეკრულებები, ანაზღაურება გაცემული უნდა იყოს საქონელი და მომსახურების ხარჯიდან. საღანძილის და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღებში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, რომელშიც გამოიყენება დიზელის საწვავი. აღნიშნულ ბაღებში 2021 წელს შეძენილია 8355 (რვა ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლიტრი დიზელის საწვავი: საღანძილის საბავშვო ბაღს გახარჯული აქვს მარტი-აპრილის თვეებში 1495 (ერთი ათას ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლიტრი, ხოლო ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს მარტის თვეში 2000 (ორი ათასი) ლიტრი. გახარჯული დიზელის საწვავი ჩამოწერილია თითოეული ბაღის 3 (სამი) თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. აქტის შედგენის დროს გამოყენებული უნდა იყოს ნორმები, რითაც განსაზღვრულია თუ რა რაოდენობის საწვავი იხარჯება 1 (ერთი) საათის განმავლობაში, რამდენი საათი იმუშავა დღეში და რამდენი დღე იმუშავა თვეში. 2022 წლის პირველი იანვრისათვის დიზელის საწვავის ნაშთი შეადგენს 4860 (ოთხი ათას რვაას სამოცი) ლიტრს.

    აღნიშნული შეუსაბამობების და რისკების აღმოსაფხვრელად გაიცა 9 რეკომენდაცია.

ა(ა)იპ „სათნოების სახლში“ შემოწმდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდი. ჩატარებული შემოწმების მიხედვით, 2019-2021 წლებში ერთჯერადი დახმარებების გაცემის დროს არ არის შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტები დახმარების მიმღებ ბენეფიციარებთან. შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაწერილი ბრძანებები თანამშრომლების შვებულებიდან დაბრუნების შესახებ. ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს წესდებაში შესაცვლელია იურიდიული მისამართი და ტერმინოლოგია,  წესდება საჭიროებს განახლებას. ხარვეზებია შესყიდვებშიც. შემოწმების პერიოდში შემოწმდა ობიექტის კვების პროდუქტების საწყობი, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტერი, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოებია მემორიალური ორდერებით.  ანგარიშგება ნაწარმოებია „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც ამ დროისათვის ძალადაკარგულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის  ბრძანება №108-ით, 2021 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები უნდა იყოს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“  ინსტრუქციის შესაბამისად.  ორგანიზაციას მიეცა 8 რეკომენდაცია ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ხრაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შემოწმება მიმდინარეობდა - 2022 წლის 07 სექტემბრიდან  2022 წლის 12 ოქტომბრამდე. შემოწმდა  პერიოდი - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.

დასუფთავების მოსაკრებელის სახით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოსაღებია 2020 წლის თანხა- დარჩენილი 5946 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) ლარი, 2021 წლის-15458 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.

  სამსახურს 2020 წელს უძრავი ქონების იჯარაზე ხელშეკრულებები დადებული აქვს 61659 (სამოცდაერთი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია 47878 (ორმოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდათვრამეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 13781 (ცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი) ლარს. 2021 წელს დადებულია იჯარის ხელშეკრულებები 40801 (ორმოცი ათას რვაას ერთი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია  13971 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 26830 (ოცდაექვსი ათას რვაას ოცდაათი) ლარს. თანხები უმეტეს შემთხვევაში ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დარღვევით, რაზეც არ არის დარიცხული პირგასამტეხლო. არ არის გატარებული ღონისძიებები თანხების სრულად არ ჩარიცხვის შემთხვევებში.

სამსახურის მიერ რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,  დასარეგისტრირებელია შემდეგი დასახელების ქონება:

  1. სოფელ თეთრაწყაროში 79,5 კვ. მ. შენობა-ნაგებობა (ბიბლიოთეკა), საწყისი ღირებულებით 636 (ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი.
  2. სოფელ საქასრიის ხიდი, საწყისი ღირებულებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.

      მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 2 ოთახი გადაცემული აქვს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ წარმომადგენელს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე.

 სამსახურს მიეცა 5 რეკომენდაცია.

სსიპ  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის“ ფინანსური და შესაბამისობის შიდა აუდიტორული შემოწმება მოიცავდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდს და მიმდინარეობდა 17.10.2022 წ. – 11.11.2022 წ.

 მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებულ სკოლის საშტატო განრიგებს არ აქვს  თარიღი, რითაც ძნელია დადგენა რა დროიდან შედის ძალაში საშტატო განრიგი. სკოლას 2019 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: ხელფასების მუხლში - 56 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 15 ლარი, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯში - 70 ლარი, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯში - 50 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და მიღებული სხვა შემოსავლიდან (უკან დაბრუნებული დაგროვილი პენსის თანხა).

სკოლას 2020 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 5 ლარი, აღნიშნული გადახარჯვა განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან.

სკოლას 2021 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: საკანცელარიო საქონლის შეძენის მუხლში - 21 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 38 ლარი, ელექტროენერგიის ხარჯში - 33 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში მიღებული ეკონომიიდან. სკოლის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის შეტანილი შეცვლილი დამტკიცებული ბიუჯეტი. ობიექტს მიეცა 3 რეკომენდაცია.

ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ შიდა აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობდა 2022 წლის 14 ნოემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე და მოიცავდა - 2019  წლის 01 იანვრიდან  2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდს. ძირითადი მიგნებები იყო შემდეგი: შეუსაბამობა გამოიკვეთა საშტატო განრიგებსა და თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებს შორის. 2019-2021წწ საშტატო განრიგებში გათვალისწინებულია-ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგი. მაია ბლუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული პიროვნება იყო ორგანიზატორიც და რიტმული წრის პედაგოგიც. აღნიშნული პოზიცია შეუსაბამოა მოცემული წლების თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებთან. მათში არაა გაწერილი „ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგის“ ფუნქციები, ჩაწერილია მხოლოდ ორგანიზატორის ფუნქციები. ასევე საშტატო განრიგებში შეტანილია ხელგარჯილობის წრის პედაგოგის პოზიცია, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის თანამდებობრი ფუნქცია-მოვალეობების ნუსხაში არაა შეტანილი მისი ფუნქციები.

    შინაგანაწესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში გაწერილია სამივლინებო თანხის ანაზღაურების წესი შემდეგი მოცემულობით „სამივლინებო თანხა ანაზღაურდება დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფით“, რაც შეუსაბამობაშია კანონთან. აღნიშნული ტარიფი დადგენილია კანონმდებლობით და ორგანიზაციის ხელმძღვანელის კომპეტენციაში არ შედის მისი განსაზღვრა.

    ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“-ის წესდებაში ცვლილებაა შესატანი. შეცვლილი უნდა იქნას ტერმინი „გამგებელი“ და მის ნაცვლად ჩაიწეროს „მერი“. ასევე წესდების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტში არის შემდეგი ჩანაწერი: „მასობრივ წრეობრივ მუშაობას ხელმძღვანელობს კულტორგანიზატორი“, თუმცა არც ერთ საშტატო განრიგში და არც ფუნქცია-მოვალეობათა ნუსხაში არაა შეტანილი ასეთი პოზიცია.

  2020 წლის შესყიდვების გეგმა ატვირთულია 6172 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებები დადებულია 6193 ლარის ღირებულების მომსახურებაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულია 6158 ლარის ღირებულების მომსახურება.  დადებული ხელშკრულების ფასი მეტია გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე. ხელშეკრულებების საერთო ფასი გაზრდილია ისე, რომ არაა შესაბამისი ბრძანება გამოცემული შესყიდვის გეგმის ცვლილებაზე. შესყიდვის ხელშკრულებების ნუმერაციაშიც არის შეცდომა. 2 სხვადასხვა შინაარსის ხელშკრულებას აქვს ერთი და იგივე ნომერი. ფინანსური კუთხითაც არის ხარვეზები, კერძოდ, შემოწმებული წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნაჩვენები ხელფასის დანამატის სახით გაცემულია თანხა არ შეესაბამება ფაქტობრივად გაცემულს, უფრო მეტი თანხაა გაცემული.

  აღნიშნულ ობიექტს მიეცა 4 რეკომენდაცია.

შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი

შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების მონიტორინგი მოცემულ საანგარიშო პერიოდში ჩაუტარდა შემდეგ ობიექტებს: ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, რომელმაც რეკომენდაციების 56% შეასრულა, (ა)იპ „ეთერ კინაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ს- შეასრულა რეკომენდაციები100%-ით, ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს-შეასრულა რეკომენდაციები 75% -ით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს მონიტორინგი ჩაუტარდა 2023 წლის 9-10 იანვარს. სამსახურისთვის მიცემული 5 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3 რეკომენდაცია, 2 რეკომენდაციის შესრულებაზე სამსახური მუშაობს. სსიპ „ბორის საჯარო სკოლას“ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ჩატარდა 10 თებერვალს. ობიექტს შიდა აუდიტორებისგან მიცემული ქონდა 3 რეკომენდაცია. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სამივე რეკომენდაცია შესრულებულია. ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს“ ჩაუტარდება მონიტორინგი 2023 წლის მარტის თვეში, რაც გაწერილია სამსახურის აღნიშნული წლის წლიურ გეგმაში.

შიდა აუდიტის სუბიექტის საჯარო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს მერიის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა ტრენინგებში.      

სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგად ძირითადად გამოვლენილია ხარვეზები შესყიდვების პროცედურებთან, მატერიალური მარაგების კანონთან შესაბამის, როგორც აღრიცხვა-კონტროლთან, ასევე ხარჯვასთან და საშტატო განრიგებთან დაკავშირებით. გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია შიდა აუდიტის ობიექტების მიერ, მაგრამ გარკვეული ხარვეზები კვლავ რჩება და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური აქტიურად მუშაობს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების მონიტორინგზე.

 

 

 

 

 

ნანახია: 606 - ჯერ