2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განისაზღვრა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწა სისტემური წესით დარეგისტრირდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი საკადასტრო მონაცემები შეიქმნება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798 ბრძანება, რომლითაც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი, ხოლო სისტემური რეგისტრაციის ვადად 2022-2024 წლები განისაზღვრა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი სამუშაოების დაწყების გრაფიკი დამტკიცებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში - „საჯარო რეესტრი“) თავმჯდომარის 2022 წლის 22 თებერვლის № 329/ს ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში საჯარო რეესტრის თავმჯდომარის № 2915/ს ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და დადგინდა საველე სამუშაოების დაწყების და დასრულების ახალი გრაფიკი.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (სარეგისტრაციო ზონა 36) ბაზალეთის (სარეგისტრაციო სექტორი 02), ღორეშასა (სარეგისტრაციო სექტორი 06) და სარგვეშის (სარეგისტრაციო სექტორი 07) ადმინისტრაციულ ერთეულებში, განხორციელდა არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.
საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო ბლოკში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებისთანავე, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე
(www.napr.gov.ge), განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ერთჯერადად მიმართონ სააგენტოს ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების
გადამოწმების მოთხოვნით.
ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმება.