პირველად ხარაგაულში ქანდაკებების საგამოფენო სივრცე გაიხსნა
5 ივლისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, საქართველოში პირველად, ქანდაკებების, ფერწერისა და გრაფიკული ნამუშევრების უნიკალური კოლექციის სამი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. „ისტორიული დღე ხარაგაულის ცხოვრებაში“ - ასე შეაფასა დღევანდელი დღე მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ. მე-20 საუკუნიდან დღემდე, თანამედროვე ცნობილი ავტორების მიერ შექმნილი 150 ახალი ნამუშევარი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადმოეცა. პროექტის განხორციელების იდეა მხატვარ ლევან ცუცქირიძის ვაჟს, მამუკა ცუცქირიძეს ეკუთვნის, რომლის მხარდაჭერასა და ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ თოფურიძეს. ექსპონატებს შორისაა ისეთი ცნობილი მოქანდაკეების ნამუშევრები, როგორებიც არიან იაკობ ნიკოლაძე, მერაბ ბერძენიშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, გოგი ოჩიაური და სხვები. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისთვის თანამედროვე მხატვრების მიერ ექსპონატების შემოწირვა პირველი არაა. ჯერ კიდევ 2017 წელს, მხატვარ ლევან ცუცქირიძის პატივსაცემად, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის სოფელ მოლითიდანაა, მუზეუმს 50-მდე ნახატი გადმოეცა უსასყიდლოდ. 5 ივლისი დარჩება როგორც მოვლენა ხარაგაულის ისტორიაში - აღნიშნა მერმა გამოფენაზე და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ უნიკალური საგამოფენო სივრცეების მოწყობაში. მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ, ააიპ კულტურის ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა და მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ ექსპონატების ავტორებს სამადლობელი სიგელები გადასცეს.
სრულად