საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfgchn.JPG
30/04/2019 11:08

თეთრაწყაროს თვითდახმარების ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან  „ფონდ ტასო“-ს (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ, ცისანა გოდერძიშვილმა და სოფელ თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფმა შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი და საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი, ნინო მაღლაკელიძე ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ცისანა გოდერძიშვილმა განმარტა, ფონდის მიზანი სოფლად მცხოვრები ქალბატონების გაძლიერებაა. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი ,,ფონდ ტასო“ -ს დახმარებით ჩამოყალიბდა, რომელიც სოფელში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს იკვლევს. „უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიური ჯგუფი შეიკრიბა, მათ უკვე დაიწყეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა, ისინი გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და სოფლისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისთვის, პირველ რიგში, მზად არიან ადგილობრივ თვითმმართველობასთან სათანამშრომლოდ და ურთიერთობისთვის. ამ შემთხვევაში სოფლის უმთავრესი პრობლემა წყალია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე სასაუბროდ შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერთან“- აღნიშნა ცისანა გოდერძიშვილმა.  მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფელ თეთრაწყაროს მოსახლეობის პრობლემას კარგად იცნობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობად გამოყოფილია 12 000 ლარი. ამას გარდა, სოფლებში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება, მიზნობრივი თანხა დაიხარჯება და გაირკვევა თუ რა ეტაპზე იქნება პრობლემა მოგვარებული, ამის შემდეგ, მოგვმართეთ მოხსენებითი ბარათით და მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობების ფარგლებში გაგიწევთ დახმარებას“ - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალბატონებმა მუნიციპალიტეტის მერთან  მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა.  როგორც თვითდახმარების ჯგუფის ლიდერი, ნინო გველესიანი  აცხადებს, ჯგუფის წევრებს უკვე შეკრებილი აქვთ ხელმოწერები, ასევე, შედგენილია ცხრილები და პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობა ფიზიკური დახმარებით მზადაა. ინგა ბერაძე, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში: ,,ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის დროს. თეთრაწყაროს ქალთა თვითდახმარების ჯგუფი, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა არის კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ჩართულობამ, პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები გააჩინოს. ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, სოფელ თეთრაწყაროში მცხოვრებმა ქალებმა მუნიციპალიტეტის მერთან მათთვის მნიშვნელოვან და მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს. სოფელს 35 წელია არ აქვს წყალი, და ის თითოეული ოჯახის პრობლემაა.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkvhmbn.JPG
25/04/2019 09:38

ტრადიციული რეწვით დაინტერესებული პირებისთვის მარელისში ტრენინგი გაიმართა

22-23 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კოტეჯში, სოფელ მარელისში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულ რეწვასთან დაკავშირებით ორდღიანი ტრენინგი გამართეს. პროექტი, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს მცირე ბიზნესი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და „USAID“ -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თემების განვითარება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პროდუქტის შექმნის კუთხით და ადგილობრივების ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში. ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარება, როგორ უნდა გაკეთდეს ბრენდინგი, შეფუთვა, პროდუქციის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - ამ თემებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ორდღიანი ტრენინგი პროექტის ბენეფიციარებისთვის. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რეწვით დაინტერესებული პირები, როგორც ფარცხნალიდან და მარელისიდან, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის, ნატა რობიტაშვილის ინფორმაციით, ბენეფიციარებთან ინდივიდუალური კონსულტაციები მაისის დასაწყისში გაიმართება. შემდეგ დაიგეგმება საინფორმაციო ტურები და დაიბეჭდება ბუკლეტები, იმისათვის რომ შექმნილი პროდუქტები გახდეს ცნობადი და ინფორმაციულად ხელმისაწვდომი პოტენციური მომხმარებლისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0432.JPG
24/04/2019 18:52

გერმანიის ელჩმა და ხარაგაულის მერმა ზრდასრულთა განათლების ცენტრი გახსნეს

“სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხარაგაულში, დღეს, პროფესიული სასწავლებელი - ზრდასრულთა განათლების ცენტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ოფიციალურად გახსნეს. ცენტრის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცეს უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, გაიარონ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები, რაც გაზრდის მათი დასაქმების შანსს. ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ უკვე არსებულ პროფესიაში ან ხელობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია და რეგიონებში პროფესიული კადრების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ზრდასრულთა ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელშიც ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონული დირექტორი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლალი სანთელაძე,  ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, გიორგი მუხურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის  წარმომდგენლები ესწრებოდნენ. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ინიციატივით, ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში  2006 წლიდან  ფუნქციონირებს.  ამჟამად, საქართველოს 7 რეგიონში 10 ცენტრი მუშაობს. ხარაგაულის პროფესიული სასწავლებელი კი, რიგით მეთერთმეტეა.   ხარაგაულის განათლების ახალ ცენტრში 70-მდე ბენეფიციარი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას. უკვე წარმატებით ფუნქციონირებს თექის, მაკრამეს, კულინარიის და ჭრა-კერვის კურსები. ცენტრში, ასევე, განთავსებულია სივრცეები მეფუტკრეობისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების მსურველთათვის.    გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტის მერმა ხარაგაულელებს ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრის  გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ცენტრის ფუნქციონირებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghncgv.jpg
24/04/2019 15:26

მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა

24 აპრილს "ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით სპორტდარბაზში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთელ გოგონათა გუნდებს შორის. ტურნირში მონაწილება  დაბა ხარაგაულის N 3, ვერტყვიჭალისა და ხევის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს. თამაში წრიული სისტემით გაიმართა და გამარჯვებული ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjghncv.JPG
24/04/2019 11:09

ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მისი მიზანია, კვალიფიციურმა სპეციალისტებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაამზადონ გენდერულად დაბალანსებული  აუდიტორია და განახორციელონ სწავლება ისეთი  ტექნიკური მოდულებით, რომლის გავლის შემდეგაც გზის მშენებლობის არეალში მცხოვრები ბენეფიციარები მარტივად შეძლებენ აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი, შექმნან მეურნეობები და გააკეთონ საწარმოები. 23 აპრილს, ხარაგაულის მერიაში პროექტის განხორციელებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის, black sea group-ის და ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველი კორეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძე დაესწრნენ. გამომდინარე იქედან, რომ სწავლებები სოციალურ და გენდერულ საკითხებსაც მოიცავს, რაც ბენეფიციართა რაოდენობაში (სულ ცოტა 50% მაინც) ქალების ჩართულობას გულისხმობს, შეხვედრას, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების გენდერზე პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ.  მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხარაგაულის მერიის ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ძალიან სასიხარულოა რომ მოსახლეობა გზის მშენებლობასთან ერთად ასეთ სიკეთეს მიიღებს. „მათ მიეცემათ სწორი მიმართულება როგორ განავითარონ საკუთარი მეურნეობები, შექმნან საწარმოები, აწარმოონ მცირე ბიზნესი და მიიღონ შემოსავალი. ყოველივე ამაში კი, ხარაგაულის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იგულისხმება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის პროექტის განხორციელებას“- აღნიშნა ხარაგაულის მერის მოადგილემ.   მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობას ზუსტად მიეწოდოს მესიჯები რას სთავაზობს ეს პროექტი მათ და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ. სწავლების პოპულარიზაციისთვის და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, აზიის განვითარების ბანკი პირველ ეტაპზე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რათა გამოიკვეთოს თუ რა საჭიროებები დგას ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების, თუ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების წინაშე და რა ტექნიკური თუ  თეორიული ცოდნის მიღებაა მნიშვნელოვანი მათთვის თავიანთი იდეების განვითარებისთვის. სასწავლო მოდული მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად შემუშავდება. ტრენინგები 4 ეტაპად ჩატარდება და თოთოეულ ჯგუფში 25 კაცი იქნება. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 100 დაინტერესებული პირი გადამზადდება.“  შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროექტის დაწყებამდე შეიმუშავებს ყველა საჭირო დეტალს, განიხილავს რისკებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის განხორციელების პროცესში და უკვე მომზადებულები დაიწყებენ  ტრენინგების ჩატარებას. პროექტის პირველი ეტაპი გამოკითხვის ჩატარებაა, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიეცემა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0317.JPG
22/04/2019 17:19

როგორ დამზადდა თრიალეთის თასის ანალოგი - ფილმის ჩვენება ხარაგაულში გაიმართა

19 აპრილს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ტიხრული მინანქრის დიდოსტატთან, ერმილე მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე-თრიალეთის თასი“ პრეზენტაცია გაიმართა.  ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორი რუდუნებით ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხარაგაულელი დიდოსტატი II ათასწლეულის, შუა ბრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშს - თრიალეთის ოქროს თასს.  ერმილე მაღრაძე ამბობს, რომ თასის ზუსტი ასლის დამზადებისთვის თითქმის ერთი წელი დასჭირდა და ფილმში ნაჩვენები ყველა კადრი ბუნებრივია, მათ შორის წიაღისეულის მოპოვებაც კი.  „ის რომ ხარაგაულელი ვარ და ძალიან მიყვარს აქაურობა, მეტყველებს კიდეც იმაზე, რომ ფილმი პირველად თქვენთან მოვიტანე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ ხარაგაულიდან, მათ შორის მუზეუმის შემოქმედებითი ჯგუფიდან. ამიტომ ამ საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა სტუმარმა.  მუზეუმის დარბაზში გამოიფინა ასევე, ერმილე მაღრაძის შემოქმედების ფოტო ისტორია, რომელიც მისსავე დაარსებულ ტიხრული მინანქრის სახელოსნო „მარილისშია“ დამზადებული. მუზეუმში ფოტოების გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თრიალეთის თასის ანალოგის შექმნის ამსახველი ფილმის პრემიერას და ერმილე მაღრაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრით დაინტერესების შემთხვევაში მერიიდან ხელშეწყობას დაპირდა.   ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ტიხრული მინანქრის დიდოსტატს ყველა იმ საოცარი ნამუშევარისთვის, რომელიც ათასწლეულების ისტორიას აგრძელებს და ოქროს ხაზს ავლებს უძველესასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/58576584_333687907335715_7651050355932790784_n.jpg
22/04/2019 12:01

ხარაგაულელი თამარ ლურსმანაშვილი „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატია

20 აპრილს, ქ. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში  „მომავლის ვარსკვლავების“ გალა კონცერტი გაიმართა. ხარაგაულელი მომღერალი, თამარ ლურსმანაშვილი ღონისძიებაზე   ინოლა გურგულიას უკვდავი რომანსით -„ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ წარსდგა. ახალგაზრდა შემსრულებელმა, რომელიც კონცერტში ხარაგაულის კულტურის ცენტრის სახელით მონაწილეობდა  ლაურეატის წოდება მოიპოვა. წარმატებული გამოსვლისთვის კი, იგი,  იტალიაში მუსიკალურ ტურნეზე მიიწვიეს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. იმისთვის, რომ მომავლის ვარსკვლავების დასკვნით ღონისძიებაზე მოხვედრილიყო, მომღერალს არაერთი კონკურსის გავლა მოუწია.   თამარი წარმატებით გახარებულია და აღნიშნავს, რომ შედეგში დიდი  წვლილი მიუძღვის პედაგოგს - გიორგი ჩოგოვაძესა და კონცერტმეისტერს - დალი მერაბიშვილს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/4755b38f440d110b601ea476a0f67d21.jpg
19/04/2019 12:23

2019 წელს კიცხი და ლაშე გაზიფიცირდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლიდან გაზმომარაგებისთვის ინტენსიური სამუშაოები განხორციელდება. წელს გამრიცხველიანდება სოფლები - ლაშე და კიცხი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 5 აპრლის #791 განკარგულებაში, რომელსაც საქართველოს მასშტაბით გაზმომარაგების 3 წლიანი (2019-2021 წწ.) გეგმა დანართის სახით ახლავს. როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, კიცხისა და ლაშის გაზიფიცირებისთვის პროექტები 2016 წელს მომზადდა და ამიტომ პირველ რიგში ეს სოფლები გამრიცხველიანდება. კიცხში 425 აბონენტი, ხოლო ლაშეში - 196. რაც შეეხება, სოფელ ფარცხნალსა და საქარიქედს, რომლის გაზიფიცირებაზეც იყო  საუბარი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გაცნობებთ, რომ საპროექტო სამუშაოები სოფელ ფარცხნალში წელს დაიწყება, ხოლო გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება. სოფელ საქარიქედში კი წელს წინასაპროექტო კვლევა ჩატარდება. 2019 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო  წინასაპროექტო კვლევები ჩატარდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 46 სოფელში.   ხონში, პატარა ვარძიაში, ციცქიურში, გრიგალათში, წაქვაში, ხევში, ვერტყვიჭალაში, ვერტყვილაში,  ხიდარში, წყალაფორეთში, ლახუნდარაში, ბორში, ღუდუმექედში, ვახანში, სერბაისში, ლეღვანში, მარელისში, დეისში, ბეჟათუბანში, ჭარტალში, ნებოძირში, ქვებში, ბაბში, ანიულაში, სარგვეშში, ხორითში, საბეში, მიროწმინდაში, საღანძილეში, ზარანში სხლითში, ღორეშაში, უჩამეთში, ხემაღალში, ლაშის იგორეთში, ბორითში, საქასრიაში, მაქათუბანში, უბისაში, ერეთაში, ვაშლევში, კვესრევში, ამაშუკეთში, ნადაბურში, ხუნევში. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2019-2021 წლებში, ქვეყანაში კიდევ 217 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება. შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული. სამუშაოებს შესარულებს შპს „საქართველოს გაზის  ტრანსპორტირების კომპანია“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1204.JPG
18/04/2019 18:40

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 245 100 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის  განკარგულებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 245 100 ლარით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურ წიფის უბნის გზებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული გზების პროექტი მზად იყო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ტენდერი დღეს გამოცხადდა.  პროექტის ფარგლებში, ორივე უბნში,  ჯამში, 1 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი. მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 4.5 მილიონი ლარი გამოეყო.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/58381085_2352842034962956_6014941311084265472_n.jpg
18/04/2019 10:41

ხარაგაულში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია

ხანგრძლივი წვიმების შედეგად გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა შეზღუდა ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.  ამ დროისთვის, გზა აღდგენილია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს. გაწმენდილია, ასევე, მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც სანიაღვრე არხების გადავსებამ გზების დატბორვა გამოიწვია. გუშინვე გაიწმინდა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალი გზაც, რომელიც ასევე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა.     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია. „გუშინ რამდენიმე სოფელში შეიქმნა პრობლემა, ძირითადად სანიაღვრე არხებმა არ გაატარა მოვარდნილი წყალი და გზები დაიტბორა. დაუყოვნებლივ ხდებოდა შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. გვიან ღამითვე აღდგა ვანი-სხლითის დამაკვშირებელი გზა, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე საათი მოძრაობა შეაფერხა. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიაში შექმნილი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  ამჟამად ხარაგაულში ნალექი შეწყვეტილია, თუმცა უამინდობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება“ - განაცხადა არჩილ მაღრაძემ.
სრულად