სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141.JPG
09/04/2019 09:27

ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს

დღეს ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ დღის მოვლენების  მონაწილეებმა და სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.  21 გარდაცვლილი გმირის მემორიალურ დაფასთან მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა. დღესვე, ბაზალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული, ამავე სოფლის მკვიდრის, ელისო ჭიპაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა 24 წლის გმირი გოგონა გაიხსენეს და პატრიოტულ თემებზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.  ღონისძიებაზე 9 აპრილის საბედისწერო ღამეზე ისაუბრა გოჩა კოპაძემ, რომელიც ამ დღეს რუსი ჯარისკაცების მიერ გაშვებული მგუდავი  აირით მოიწამლა. „იმ დროს ერი იყო გაერთიანებული ისე, როგორც არასდროს! როცა მოუახლოვდნენ მომიტინგეებს ჯარისკაცები და დაიწყეს ხალხის ცემა, პირდაპირ თვალებში გვასხამდნენ მომწამლავ გაზს. უნდოდათ მთავრობის სასახლეში შეეყვანათ ხალხი და იქ, ალბათ, მსხვერპლიც უფრო მეტი  იქნებოდა. დიდი გმირობა გამოიჩინა მაშინ პოლიციამ, ბოლომდე იცავდნენ მთავრობის სასახლეს, რომ ხალხი იქ არ შეეყვანათ. საშინელი სანახაობა იყო ჩვენ თვალწინ, მაგრამ ამ ტრაგედიასთან ერთად მე მინდა მოგილოცოთ 9 აპრილი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“-აღნიშნა გოჩა კოპაძემ.  9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ასევე, პაატა გოგოლაძემ, იზოლდა ოკრიბელაშვილმა და ვარლამ ჭიპაშვილმა. ღონისძიების დასასრულს, ხარაგაულის მერიის ინიციატივით, ელისო ჭიპაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე სახელობის ცაცხვების ხეივანი გაშენდა და ბარელიეფი დაიდგა. 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ, დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილებიც, ხოლო 2 000  მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, 1991 წელს ეს თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა. წელს მთელი საქართველო ამ დღეს ასევე, მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლოდ აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ღონისძიებები სახელწოდებით „მადლობა თავისუფლებისთვის“, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც უერთდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0483.JPG
05/04/2019 16:57

ხარაგაულში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირები, 5 აპრილს, ხარაგაულის სპორტ-დარბაზში ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. მერიის ინიციატივით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ესწრებოდა, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში. ღონისძიების ფორმატში ვეტერანმა სპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები გამართეს. სპორტსკოლის მოსწავლეებმა კი, ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ბრძოლა მოაწყვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: მერის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძე, მერიის  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა, ვეტერან სპორტსმენებს წარმატებული მოღვაწეობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ირინე ჩხეიძე (მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი თარიღების აღნიშვნა.  ღვაწლმოსილ პიროვნებებს უნდა ვუთხრათ მადლობა სპორტის პოპულარიზაციისთვის და იმ მძიმე წლებისთვის, რომელიც მათ გამოიარეს და უამრავი შრომა ჩადეს მომავალი თაობების აღზრდაში.“ ნაზიბროლა სებისკვერაძე ( უბისის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი) „19 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ მცირედი წახალისებაც კი მნიშვნელოვანია, რათა  მეტი დაინტერესება ჰქონდეს პედაგოგსაც და ახალგაზრდასაც“. შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს    ნაზიბროლა სებისკვერაძეს,  ჟორა მაჩიტიძეს,  ღუტუ ღონღაძეს,  ჯამბულ ბანცაძეს, ზაალ მესხს, გიგა ბერაძეს, სოსო აბაშიძეს, თამაზ შარიქაძეს, მერაბ იჩქიტიძეს, სულიკო დონაძეს, ზაზა მესხს, კოტე სახვაძეს, ივანე ღონღაძეს, ანზორ  მაღრაძესა და  მარლენ გრიგალაშვილს სპორტში  შეტანილი წვლილისათვის წამახალისებელი სიგელები  და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvncvb_1.jpg
05/04/2019 12:58

კენკროვანი კულტურების პროექტში ხარაგაულიდან 16 ბენეფიციარი ჩაერთო

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტ „დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ახალი ქვეკომპონენტის კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება დააფინანსა. სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხარაგაულიდან 16 ფიზიკური პირი დაფინანსდება. ხარაგაულელ ბენეფიციარებს უკვე გავლილი აქვთ ტრენინგებისა და ტესტირების ეტაპი, შემოდგომაზე კი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებენ.  ხარაგაულში (მოლითი, ზვარე, საბე, კიცხი, ვარძია, ბორითი და ჩხერი) 3, 68 ჰექტარზე ბენეფიციარებმა ძირითადად ჟოლოს გაშენება გადაწყვიტეს. ორი ბენეფიციარი მაყვალს, ხოლო ერთი მოცვს გააშენებს. კენკროვანი კულტურების გასაშენებლად ნიადაგი შემოწმებულია. მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისიდან განახლდება და  31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხარაგაულის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას და კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის საჭირო პროცედურებს აცნობდნენ. შეგახსენებთ, რომ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების  100%  დაფინანსებას,  0.15 ჰა - დან   0.5  ჰა - ს ჩათვლით ,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში  პირველ ეტაპზე  შესაბამის დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტესტირება შესწავლილ საკითხებში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
05/04/2019 09:15

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gjkl%2Cbjnk%2Cdfg_1.jpg
03/04/2019 16:10

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ზვარეს მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა

ზვარეში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, დღეს, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოლითი-ზვარეს ამორტიზებულ გზას, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ჩინურმა კომპანიამ დააზიანა. მოსახლეობამ, ასევე, ისაუბრა ზვარე-ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბით სარგებლობაზე, რაც იქაური მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესაუბრნენ ჩინურ მხარეს და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გზას რეაბილიტაციას თავად ჩაუტარებენ. რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს, ვიდრე ბეტონის საფარის მოწყობა დაფინანსდება, მოსახლეობამ გარკვეული მონაკვეთების დროებით შეკეთება მოითხოვა, რაზეც ვიცე მერმა განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, უმოკლეს დროში მოგვარდება მათი პრობლემა. არჩილ მაღღაძემ სოფლის ცენტრალური გზის მობეტონებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზვარე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია და სასოფლო გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის თანხა მთის განვითარების ფონდიდან უნდა გამოიყოს. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ზვარე-ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბით სარგებლობის საჭიროებაზეც. მერის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ის პირადად ესაუბრა ჩინურ მხარეს, რომელთანაც შედგა შეთანხმება შემდეგზე: სოფელში იქნება ერთი საშვი, რომელიც ექნება მერის წარმომადგენელს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ისარგებლებენ აღნიშნული გვირაბით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfghncvb_1.JPG
03/04/2019 11:23

ღუდუმექეთში გზის 1 კმ-მდე მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

3 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ღუდუმექეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით შპს „გურია-2015“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სოფელ ღუდუმექეთში ცენტრალურ გზის 1კმ-მდე ამორტიზებულ მონაკვეთს  ჩაუტარდება კაპიტალური რეაბილიტაცია. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 78 394 ლარით დააფინანსებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjk%2Chvbmnvbn.jpg
03/04/2019 11:02

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე ხარაგაულში

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ხარაგაულში აუტისტური სპექტრის მატარებელი სოსო კვირიკაშვილი სოფელ ღარიხევში ცხოვრობს. სოსო 9 წლისაა, კვირაში 3 დღე სკოლაში, ხოლო ორი დღე დღის ცენტრ „ორიონში“ დადის.  სოსოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ესტუმრენ და საჩუქრად ილუსტრირებული წიგნი გადასცეს. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbncvbnvn.JPG
02/04/2019 17:04

სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებებზე პროექტის საჯარო განიხილავა მოეწყო. პროექტის საჯარო განხილვაზე, შ.პ.ს „გამაკონსტალტინგის“ გარემოს დაცვით პროექტების კოორდინატორმა, ჯუღული ახვლედიანმა მშენებლობის პროექტზე და გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ისაუბრა. ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, 2012 წელს დამტკიცებული პროექტი გეოლოგიური კვლევების საფუძველზე გარკვეულწილად შეიცვალა და შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო გახდა პროექტის საჯარო განხილვა. როგორც საჯარო განხილვაზე აღინიშნა მცირედით შეიცვალა პროექტის ტექნიკური პარამეტრები, კერძოდ ლიანდაგის ტრასა, (დერეფანი) გვირაბების შესასვლელი პორტალები და დერეფნის კონფიგურაცია. რაც შეეხება განსახლების საკითხს, რომელთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიკვეთა,  ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. საჯარო განხილვის პროცესში დაისვა კითხვები მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც იწვევს ხმაურს, მტვერს და გეოლოგიურ პრობლემებს. როგორც  ჯუღული ახვლედიანი განმარტავს, ხმაურთან დაკავშირებით უახლოეს საცხოვრებელ სახლებს ნახავენ  და თუ საჭიროდ ჩათვლიან გამოყენებულ იქნება დამცავი ბარიერები.  „ზესტაფონ- ხარაგაულის მონაკვეთზე გეოლოგიური პრობლემა სერიოზულია ძირულასა და შორაპანში, ასევე არის ქვათა ცვენის საშიშროებაც. საზოგადოების მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს  წყლებს, თუ როგორ მართავს მშენებელი კომპანია. წყლის დაბინძურების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ეცნობოს გარემოს დაცვის სამინისტროს. სერიოზული პრობლემაა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. მშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ პროქტის დასრულების შემდეგ პირვანდელი მდგომარეობასთან მიახლოებით დატოვონ სამშენებლო ბანაკები, გზები და სანაყაროების მიმდებარე ტერიტორიები.“ როგორც შ.პ.ს სააქციო საზოგადოება რკინიგზის წარმომადგენელმა, ნინო ჩობანიამ განმარტა  სარკინიგზო მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. „პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი ხარაგაულის მონაკვეთზე დაგეგმილია ვაკისებისა და სამი ახალი ხიდის მშენებლობა. პროექტი საბოლოოა და  არ შეიცვლება თუ ცვლილება  საავტომობილო გზის მშენებლობამ არ გამოიწვია“. განმარტა ქალბატონმა ნინომ. საჯარო განხილვის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლსაც დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობა ესწრებოდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkmvhnm.JPG
02/04/2019 15:53

სოციალური მიმართულებით დაფინანსება 26 ათასი ლარით გაიზარდა

1 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის გახლდათ საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ. საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების  განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა. საკითხების განხილვამდე,  ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა სასწრაფო წესით მოითხოვა გარკვევა თუ სად წავიდა მერიისთვის ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი 43 ათასი ლარი.  მისი განცხადებით: „თებერვალში მხარი არ დავუჭირეთ მერიისთვის ავტომობილის შეძენის საკითხს და  ერთობლივი გადაწყვეტილებით მერიას  საკითხი უკან დავუბრუნეთ, რათა  ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი - 43 ათასი ლარი  უფრო პრიორიტეტული საკითხის მოსაგვარებლად მიმართულიყო. ავტომობილის შეძენისთვის ბიუჯეტში იყო თანხა, ახლა ეს თანხა, რომ გადმოვიტანოთ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად დახმარების პროგრამაში, რა უშლის ხელს?!. საკითხთან დაკავშირებით უკვე ერთი თვეა  წერილობით მივმართე მერიას, დღეს, გვეცნობა წერილობით, რომ თურმე საკითხს მერია ერთ თვეში განიხილავს. მოვითხოვ, დღესვე, გაირკვეს, სად წავიდა ის თანხა, რომელიც მერიისთვის ავტომობილის შეძენისთვის იყო განკუთვნილი“ - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თორნიკე ავალიშვილის პოზიცია გაიზიარეს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც და მას საკითხის დღის წესრიგში დამატებას დათანხმდნენ. სოციალური მიმართულებით დაფინასების გაზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა  მერის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ: - „ სოციალური მიმართულებით დაფინანსება აუცილებლად გაიზრდება. ერთ თვეში უფრო  თვალსაჩინო იქნება თუ რომელი მიმართულებით არის პრიორიტეტული თანხების გაზრდა, სამედიცინო-გამოკვლევებისათვის თუ ერთჯერადი დახმარებებისთვის“. საბოლოოდ, დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე სოციალურ პროგრამების დაფინანსება  26 ათასი ლარით გაიზრდებოდა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და  ერთჯერადი დახმარების ხარჯების ქვეპროგრამაში  მიიმართება. ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილება შეეხება და  საკუთარი სახსრების ნაშთიდან ბიუჯეტის ხარჯებში გადავა 27 700 ლარი. კერძოდ: 4000 ლარი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთახების რემონტისათვის; 2800 ლარი-ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას - საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის - მაღალი წნევის ტუმბოსა და მილების შესაძენად; 5300 ლარი - ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს - წაგებული სასამართლო დავის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელად; 8000 ლარი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის, ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის 7600 ლარი ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყოს მ.შ. 4000 ლარი C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია-შიდსზე და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველსაყოფად და 3600 ლარი სველი წერტილების მოსაწესრიგებლად. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში მოისმიეს და დადებითად შეაფასეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghmjn%20bncvb.jpg
02/04/2019 12:31

საავტომობილო მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოები მაისში დაიწყება

2 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების უფროსებს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე უბისა-შორაპნის (F3) მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის წარმომადგენლები  შეხვდნენ.   მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იწყებს ბაზების განთავსებას და ტექნიკის მობილიზებას. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, მაისში დაიწყება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტი, ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.  პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სახელშეკრულებო ვადებით გზის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს.    
სრულად