საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე საკითხი მერიის საფინანსო-სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.
საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით 7 და 13 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად (ძლიერი წვიმები, წყალდიდობა) მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი ხარჯებიდან-124 900 ლარი გამოიყოფა.
კერძოდ, ზარალის დასაანგარიშებლად მომსახურეობის შესყიდვისთვის-4 900 ლარი; ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეწაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო სამუშაოების შესყიდვისათვის -120 000 ათასი ლარი.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 11 ივნისის N1332 განკარგულებით, ასევე -100 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს, 2015-2017 წლებში სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელი ნაშთებიდან ჩაერიცხა.
ამავე განკარგულების საფუძველზე -5 840 ლარით დაფინანსდა დაბა ხარაგაულში სანიაღვრე არხისა და 12 670 ლარით, სოფელ ქროლში არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები. (სულ 118 510 ლარი).
საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით N1283 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 5 789 ლარი გამოეყო, პროგრამის დაფინანსება, ამ ეტაპზე სულ 4 673 447 ლარი შეადგინა.
როგორც სხდომაზე, ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ორ ინდმეწარმეს შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს “ და ,,რეკონსტრუქცია XXI“ შეუწყდათ ხელშეკრულება და მათზე გაცემული ავანსები დაბრუნდა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. შ.პ.ს ,,რეკონსტრუქცია XXI “ ავანსად ჩარიცხული თანხა შეადგენდა-401 439 ლარს ( აქედან 391 699 ლარი სახელმწიფო ფონდების ნაშთიდან და 9740 საკუთარი სახსრების ნაშთიდან) ხოლო შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპზე “ ავანსად გადარიცხული თანხა -35 530 ლარს.
საკითხის გაცნობის შემდეგ კომისიის დასკვნა წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი განცხადებით სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაგვიანებულია, ვინაიდან ორი კვირის წინ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აქამდე უნდა დაეთვალათ. მისივე განმარტებით ზარალის დათვლა მერიის შესაბამის სამსახურებსაც შეეძლოთ და ამ გზით ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებიც დაიზოგებოდა.
ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშენებელ კომპანიებზე ავანსად გაცემულ თანხებზე, როგორც მან აღნიშნა გაცილებით მეტ არაკეთილსინდისიერ ინდმეწარმეს უნდა შეწყვეტოდა ხელშეკრულება, რადგან ამ დროისთვის, ავანსის სახით ძალიან დიდი თანხებია გაცემული ისეთ კომპანიებზე, რომელთაც 2018 წელს უნდა დაესრულებინათ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები-10 ათასი ლარი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი-40 ათასი ლარი არ უნდა გაიხარჯოს სხვა მიმართულებით, რადგან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლების კეთილმოწყობისთვის თანხები გასულ წელსაც არ დახარჯულა. სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხის მოძიება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც მოხერხდეს.
საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ მარელისი-ლეღვანის შემოვლით გზაზე ისაუბრა. მისი განცახადებით, სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთზე მარტივად შეიძლებოდა სამუშაოების შესრულება და დროებითი გზის გაკეთება, იმისათვის რომ მსუბუქ ავტომობილებს და ფეხით მოსიარულეებს შეძლებოდათ გადაადგილება.
ლეღვნის გზასთან დაკავშირებით სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე მიიჩნევს, რომ გზას ესაჭიროება კაპიტალური რემონტი და დროებითი გზის მშენებლობა ბიუჯეტს ორმაგი თანხა დაუჯდება.
სხდომაზე მყოფმა ლაშის, დეპუტატებმა პავლე კიკალიშვილმა და ვერტყვიჭალის დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ სტიქიის მიერ დაზიანებულ გზებსა და ხიდებზე ისაუბრეს ხოლო ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, ვლადიმერ ტალახაძემ და ვარძიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ხიჯაკაძემ -გზის პრობლემებზე. ვლადიმერ ტალახაძის თქმით კურორტ ნუნისის გზა დაუსრულებელია და ესაჭიროება გვერდულების მოწყობა, ვინაიდან კურორტის სეზონი დაიწყო და სოფელს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, ეს საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს.
საბოლოოდ, დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სრულად